2016 წლის 7 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრები თბილისის #69 სკოლიდან მიწვეული იყვნენ პოლონეთის სამეცნიერო პიკნიკზე, რომელიც, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოცედ გაიმართა.
მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ილიაუნის პავილიონში წარმოადგინეს თავიანთი მუშაობის შედეგები და ვიზიტორებს წარუდგინეს პირველადი დახმარებისთვის საჭირო აქტივობები, ხოლო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრებმა თბილისის #69 საჯარო სკოლიდან კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბების პავილიონში წარმოადგინეს სახალისო ექსპერიმენტები. სამეცნიერო პიკნიკის დაწყებამდე, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, კვალიფიციური ტრენერების ხელმძღვანელობით, ჩაუტარდათ ტრენინგები ექსპერიმენტების სახალისო ფორმით წარმოდგენისა და საკლუბო აქტივობების გაუმჯობესებისთვის.
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია ევროპაში, რომელიც ყოველდღიურად 3000-ზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს. ეს პოლონეთში ერთ-ერთი მთავარი დაწესებულებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მასწავლებლების გადამზადებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის სფეროში. ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი (ისევე, როგორც ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი) კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის პროექტის მოდელის მიხედვით შეიქმნა და 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს – ემსახურება სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართვას კლასგარეშე საბუნებისმეტყველო კვლევებში.
სამეცნიერო პიკნიკის მონაწილეები შეირჩა ამა წლის მარტში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა ვარშავის სამეცნიერო პიკნიკისთვის საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების სცენარების შედგენას. ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელიდან კონკურსში მონაწილეობა 40-მდე სკოლამ მიიღო, მათ შორის გამარჯვებული კი #69 სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბი “ნაკვალევი” გახდა. გამარჯვებული გუნდი ვარშავის სამეცნიერო პიკნიკზე 5-კაციანი საგზურით დაჯილდოვდა.
ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში ამ დროისათვის გაწევრიანებულია 90-ზე მეტი კლუბი. კლუბების ლიდერები ახალგაზრდა მკვლევრებს რთავენ ექსპერიმენტებში, სამეცნიერო კვლევებში და ინოვაციურ პროექტებში.