ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის თანახმად, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, როგორც ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პროექტის პარტნიორი, უზრუნველყოფს ქსელში გაწევრიანებული მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგ-კურსების ჩატარებას, პროექტის ფარგლებში სასწავლო მასალებისა და ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობას.

აღსანიშნავია, რომ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია ევროპაში, რომელიც ყოველდღიურად 3000-ზე მეტ დამთვალიერებელს იღებს. ეს პოლონეთში ერთ-ერთი მთავარი დაწესებულებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მასწავლებლების გადამზადებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის საკითხში. ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის პროექტის მოდელზე შეიქმნა 2014 წლის სექტემბერს და მას მერე წარმატებით ფუნქციონირებს – ემსახურება საშუალო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართვას კლასგარეშე საბუნებისმეტყველო კვლევებში.
მთავარი მიზნებია:

  • სამყაროს შესწავლის/შეცნობის სურვილის გაზრდა;
  • ცოდნის და უნარების გაზიარების სურვილის გაზრდა;
  • თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერების როლის გაცნობიერება.

ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში ამ დროისთვის გაწევრიანებულია 30-ზე მეტი კლუბი. კლუბების ლიდერები (როგორც წესი, მასწავლებლები ან განმანათლებლები) ახალგაზრდა მკვლევრებს რთავენ სხვადასხვა ექსპერიმენტებში, სამეცნიერო კვლევებში და ინოვაციურ პროექტებში. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ მეცნიერების საოცრებების შესწავლა-შემეცნებაში.

 

 

12.03.2015