ასოციაცია YMCA თელავი ახორციელებს სპეციალურ პროგრამას დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. მისი მიზანია, დევნილი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესყობა. ასოციაცია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან ახალი პროექტები და მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, პრევენციული ღონისძიებაა და ახალგაზრდების ცხოვრების არაჯანსაღის წესისგან დაცვას ემსახურება. ასევე ასოციაცია YMCA თელავი ხელს უწყობს თელავის ახალგაზრდობის მენტალური, ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას. პროგრამა მოიცავს დღიურის წარმოებას, საზაფხულო და თემატური ბანაკების ორგანიზებას.
მოხარული ვართ, რომ YMCA TELAVI საზაფხულო ბანაკში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი მკვლევართა კლუბი თელავიდან, ქალბატონი ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით. ის თელავის მე-7 სკოლის მასწავლებელ ნუნუ ჯავახიშვილთან და მოსწავლეებთან ერთად ესტუმრება საზაფხულო ბანაკს და საინტერესო აქტივობებს/ექსპერიმენტებს ჩაატარებს.
ვფიქრობთ, რომ ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბანაკის მონაწილეებისთვის, რომლებიც დაინახავენ, რომ მეცნიერება საინტერესო და სახალისო შეიძლება იყოს; ასევე მკვლევართა კლუბების წევრებისთვის, რომლებიც პროცესში ძალიან ბევრ საჭირო უნარს შეიძენენ და, რაც მთავარია, თავიანთ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ.